სასიხარულო ამბავია – თბილისის „დინამომ“ დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
დინამოელთა ვარჯიში დისტანცირებულ რეჟიმში და ორკაციან ჯგუფებად მიმდინარეობს. გუნდი სრული შემადგენლობით ვერ შეიკრიბა, რადგან ლეგიონერების ნაწილი ავიარეისების შეწყვეტის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს. თუმცა, ჩამოსვლის შემდეგაც ისინი ორი კვირა გუნდთან ვერ ივარჯიშებენ და კარანტინში ყოფნა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ პირველად ვარჯიში თბილისის „ლოკომოტივმა“ განაახლა. გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძისა და იტალიელი ფიზმომზადების სპეციალისტის, რიკარდო დე ვივოს ხელმძღვანელობით 5 მაისს შეიკრიბა. ამჟამად, სავარჯიშო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ორკაციან ჯგუფებად დაყოფილი ფეხბურთელები „ლოკომოტივის“ აკადემიის დიღმის მოედანზე ვარჯიშობენ.
ჯერ უცნობია „ეროვნული ლიგის“ განახლების თარიღი, ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაცია სამთავრობო სტრუქტურებთან მუდმივ კავშირშია. საფეხბურთო კი მოლოდინია, რომ ვარჯიშების განახლების უფლებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.