თბილისის „დინამომ“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო და ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.
26-ე ტურში თბილისელებმა „მიხეილ მესხზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. ანგარიში მე-17 წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გახსნა, 24-ე წუთზე ფოთელებმა წონასწორობა აღადგინეს – თავი იმედა აშორტიამ გამოიჩინა, თუმცა თბილისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: 54-ე წუთზე შენგელიამ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი გოლით „დინამოს“ 3 ქულა მეორედ მოუტანა. პირველად ეს 23 წლის ფორვარდმა „საბურთალოსთან“ შეძლო.
„დინამომ“ 55 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო „კოლხეთი“ 12 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის მთავარ კანდიდატად რჩება.