„დინამომ“ „საბურთალოს“ მცველი დაიმატა - ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი ნიკა მალიმ გააფორმა #1TVSPORT
„დინამომ“ „საბურთალოს“ მცველი დაიმატა - ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი ნიკა მალიმ გააფორმა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ახალი მცველი, ნიკა მალი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“ ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მარჯვენა მცველი „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა“ – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ნიკა მალი „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. მალიმ თბილისურ კლუბთან ერთად სამივე შიდა ტურნირი მოიგო – ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020). ამასთან ერთად მან გუნდთან ერთად ევრო ტურნირებზეც იასპარეზა.​

რაც შეეხება ნიკა მალის სანაკრებო კარიერას, მარჯვენა მცველს საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში 10-10 მატჩი აქვს გამართული. 2020 წელს კი, მან ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამართა.

საკლუბო კარიერა:

2017-2021 – საბურთალო 103 მატჩი (6 გოლი, 11 საგოლე გადაცემა)

სანაკრებო კარიერა:

2016-2017 – საქართველო U19 10 მატჩი

2019-2020 – საქართველო U21 10 მატჩი

2020 – ეროვნული ნაკრები 1 მატჩი