დინამომ რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა - ზესტაფონში ულამაზესი გოლები გავიდა [ვიდეო]

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 30-ე ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართა და მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა.

ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ ერთ-ერთი აუტსაიდერი „სამტრედია“ მეორეადგილოსან თბილისის „დინამოსთან“ 1:8 განადგურდა. ამ შეხვედრაში გულშემატკივარმა ერთმანეთზე უფრო ლამაზი გოლები იხილა. ორ-ორჯერ აკაკი შულაიამ (მე-20 და 61-ე წუთები), ბუდუ ზივზივაძემ (41, 69) და გიორგი ივანიშვილმა (72, 88) გაიტანეს, თითო გოლი კი მათე ვაწაძემ (33) და ლაშა თოთაძემ (48) მიითვალეს. ეს იყო მიმდინარე სეზონის რეკორდული მოგება. ამას გარდა, წელს ერთ შეხვედრაში სამი დუბლი არც ერთ გუნდის წევრებს არ შეუსრულებიათ. სამტრედიელებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჯაბა ლიპარტია (43) იყო.

ამ მატჩისგან განსხვავებით, ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე მოსული გულშემატკივარი გოლებს ტყუილად ელოდა: გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მე-5 ადგილზე დაქვეითებული გორის „დილა“ გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ მასპინძლობდა და ქულები უგოლოდ გაიყვეს – 0:0. სამწუხაროდ, მძიმედ დაშავდა გორელთა თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძემ დუბლის გარდა ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა, ბომბარდირთა დავაში 16 გოლით მეორე ადგილზე დაწინაურდა და „დილას“ თავდამსხმელს, მიკოლა კოვტალიუკს (15 გოლი) გადაასწრო.

ამგვარად, „დინამომ” 62 ქულა დააგროვა და „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა, ხოლო „დილა“ 50 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და „ტორპედოს“ ქულით, მინიმუმ ერთი დღით გაასწრო.

ტური ხვალ, 28 ოქტომბერს, „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდება: თბილისის „ლოკომოტივი“ 15:00 საათზე, ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, რომელიც სამეულისთვის იბრძვის.