„დინამომ“ პირველი ნახევარი მესამეზე დაასრულა - გამარჯვების გოლი ისევ შენგელიამ გაიტანა (ვიდეო)
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურის ბოლო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ თბილისის „დინამოსთვის“ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. პირველ წრეში მან 1:0 მოიგო და „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაშიც მეტოქის დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ანგარიში მე-14 წუთზე „დინამომ“ გახსნა – მეტოქის კარი დმიტრო ივანისენიამ აიღო, მაგრამ 42-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიას“ შემტევმა ცოტნე მოსიაშვილმა მასპინძელთა კარი აიღო და გუნდები შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ. შეხვედრის ბედი დამატებულ წუთებზე გადაწყდა – ლევან შენგელიამ 90+1-ე წუთზე შესანიშნავი შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „დინამომ“ 2:1 მოიგო.
თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ (30 ქულა) გასწრების შანსი გამოიყენა და მეორე წრე 32 ქულითა და მესამე ადგილით დაასრულა. „ვიტ ჯორჯიამ“ კი (14 ქულა) ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეცხრე ადგილზე დაასრულა.