„დინამომ“ მესამეც მოიგო - თბილისელებმა „ვიტესიც“ დაამარცხეს [ვიდეო]

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა და და ნახევარფინალისტები გამოვლინდა. თბილისის ”დინამოს” აკადემიის გუნდმა ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მანამდე კი სამი მატჩი გაიმართა: ”ესპანიოლმა” და კიევის ”დინამომ” 1:1 ითამაშეს. ხოლო მოსკოვის ”სპარტაკმა” ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას 2:1 სძლია. სტუმრებმა ანგარიში მე-20 წუთზე მაქსიმ ერმაკოვის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით გოგოხიამ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ”სპარტაკმა” კი მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთი გაიტანა – თავი ვიტალი შიტოვმა გამოიჩინა.

ამრიგად ”ბ” ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ”ესპანიოლმა” დაიკავა, ”სპარტაკი” 6 ქულით მეორეზე გავიდა. მესამე 4 ქულით კიევის ”დინამოა”, ხოლო ბოლოადგილოსანმა სფფ-ის აკადემიამ ტურნირი უქულოდ დაასრულა.

”ა” ჯგუფიდან ერთ-ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა ”ჯენოასა” და მინსკის ”დინამოს” მატჩში გაირკვა. ბელარუსებმა უკეთ ითამაშეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს 5:2 და ნახევარფინალში გავიდნენ.

დღე თბილისის ”დინამოს” მატჩით დასრულდა, რომელმაც ნახევარფინალის საგზური წინასწარ გაიფორმა. ამჯერად, თბილისელებმა არნემის ”ვიტესს” უმასპინძლეს და ჰოლანდიელებსაც დიდი ანგარიშით 5:1 მოუგეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა პირველივე წუთზე გაიტანეს – თავი დავით ზურაბიანმა გამოიჩინა. 1-1 გაიტანეს თორნიკე მორჩილაძემ და ირაკლი აზაროვმა, ხოლო ერთი წლით პატარა ჯადული იობაშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა.

ტურნირის ნახევარფინალები 28 აპრილს ”დინამოს” აკადემიის მოედანზე გაიმართება: ”ესპანიოლი” მინსკის ”დინამოს” შეხვდება, ხოლო დინამოელები 20:00 საათზე მოსკოვის ”სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.