ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-14 ტური ლიდერების შეხვედრით დასრულდა – „დინამო არენაზე“ „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ერთადერთი გოლი თბილისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, დმიტრო ივანისენიამ გაიტანა. მან ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა 1:0.
მეტოქეებმა რეალური საგოლე მომენტები ამის შემდეგაც შექმნეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, „დინამომ“ 1:0 გაიმარჯვა.
ამ მოგებით თბილისელებმა 29 ქულა დააგროვეს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიბრუნეს და ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს. „ჩიხურა“ კი 22 ქულით მეოთხეზეა.