„დინამომ“ „ლოკომოტივი“ ბურუსთან ერთად დაამარცხა - სხირტლაძის დუბლით თბილისელები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
„დინამომ“ „ლოკომოტივი“ ბურუსთან ერთად დაამარცხა - სხირტლაძის დუბლით თბილისელები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ

ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – „მიხეილ მესხი 2“-ზე „ლოკომოტივმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მატჩის მიწურულს დამარცხდა.

ეს შეხვედრა ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო სტაფში ​ კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების გამო გადაიდო. თამაში საინტერესო და დაძაბული იყო, მომენტებიც ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გოლი შეხვედრის მიწურულამდე არ გასულა.

55-ე წუთზე, სტადიონის გარეთ მდგომმა გულშემატკივარმა მოედანზე პეტარდა ისროლა და ისეთი კვამლი დადგა, მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეჩერებინა და მხოლოდ სამი წუთის შემდეგ გააგრძელა.

მატჩის ბედი „დინამოს“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა, დავით სხირტლაძემ გადაწყვიტა. მან როდნი კლოუსტერის ფლანგური გადაცემა 77-ე წუთზე დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე კი გიორგი კუციას მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ, „ლოკომოტივის“ სამ მცველს დაასწრო და დუბლი გაიფორმა – 0:2, სულ კი გუნდში ჩატარებულ ორ მატჩში სამი გოლის ავტორი გახდა.

საბოლოოდ, „დინამომ“ უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი მოიგო და 14 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა, მდევარ ბათუმის „დინამოსთან“ (26 ქულა) უპირატესობა გაზარდა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს ერთი მატჩი თადარიგში აქვს, თუმცა, მის კონკურენტ ბათუმის „დინამოს“ ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.