„დინამომ“ ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის სახელობის პრემია დააწესა #1TVSPORT
„დინამომ“ ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის სახელობის პრემია დააწესა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომელიც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობდა, სპორტული ფოტოგრაფებისთვის მისი სახელობის ყოველწლიური პრემია დაწესდა.

„დედაქალაქური კლუბი ყოველი წლის ბოლოს დინამოს თემატიკაზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს ავტორს ბადრი კეთილაძის სახელობის პრემიით დააჯილდოებს. ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ასევე მოეწყობა ფოტო გამოფენა. „დინამო თბილისში“ მუშაობის მრავალწლიან პერიოდში, ბადრი კეთილაძემ ჩვენი კლუბის არქივსა და გულშემატკივარს უამრავი ისტორიული და მნიშვნელოვანი კადრი შესძინა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ლეგენდარული ფოტოგრაფი მიმდინარე წლის 22 იანვარს 63 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ბადრი კეთილაძე სპორტულ ფოტოგრაფიაში ათეული წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობვაში უამრავ ახალგაზრდა ფოტოგრაფს საკუთარ გამოცდილებას უანგაროდ უზიარებდა. საქართველოში სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში მისი როლი შეუფასებელია.

ეროვნული ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩის დაწყებამდე, რომელშიც „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, „დინამოს” კაპიტანმა გიორგი პაპავამ  ბადრი კეთილაძის მეუღლეს და შვილს „დინამოს“ სიმბოლური 10-ნომრიანი მაისურა გადასცა.

 

პრემიის დაარსების შესახებ კომენტარი ლეგენდარული ფოტოგრაფის მეუღლემ გააკეთა:

„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ბადრი კეთილაძე, როგორც ქართული სპორტის ფოტო მემატიანე, სიცოცხლეში და სიცოცხლის შემდეგაც დააფასა სპორტულმა სამყარომ. თავის სიცოცხლეში უზომოდ შეყვარებული იყო ფოტოგრაფიაზე, ის მისთვის არამხოლოდ პროფესია, არამედ საყვარელი საქმეც იყო. მიხარია, რომ მისივე სახელობის პრემიით მრავალ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს სპორტული ფოტოისტორიის გაგრძელებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ იდეის ავტორებს და საფეხბურთი კლუბ „დინამო თბილისს“ ბადრის სახელის უკვდავყოფისთვის“, – ამბობს რუსუდან კალანდაძე.