„დინამომ“ „კოლხეთთან“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგაში ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და დაძაბული თამაში 3:2 მოიგო.
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ 26-ე ტურის დაპირისპირებაში თბილისელებმა პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ანგარიში „კოლხეთმა“ გახსნა.
41-ე წუთზე საბა კვირკველიას გადაცემა კირილ კლიმოვმა ჩაჭრა, გიგი აბუაშვილმა კი მისი გადაცემით ანგარიში გახსნა. მალევე ფოთელებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს კონტრიერიში და ამჯერად როლები გაიცვალა – აბუაშვილის პასით კლიმოვმა ისარგებლა.
ფოთელებს შეეძლოთ, 2012 წლის შემდეგ მეტოქე პირველად დაემარცხებინათ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. თბილისელებმა 50-ე წუთზე ნიკა ნინუას ძლიერი დარტყმით ანგარიშის შემცირება სწრაფად მოახერხეს. 88-ე წუთზე კი, ფლანგური გადაცემით ოსკარ სანტისმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+4-ე წუთზე მისი გადაცემით „დინამოს“ გამარჯვება ვასილიოს გორდეზიანმა მოუტანა – 3:2.
26 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 31 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ერთი საფეხურით წინ მყოფ „სამგურალს“ (31 ქულა) კი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. „კოლხეთი“ (29) კი მე-7 ადგილზეა და გავარდნის ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.