ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
კახა ცხადაძის გუნდმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა – ბარნს ოსეის პასით ზორან მარუშიჩმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა – 1:0. თუმცა, ექვს წუთში გიორგი არაბიძემ გაიბრწყინა და შესანიშნავი ინდივიდუალური თამაშით და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.
ასეთი საინტერესო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში თბილისელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რადგან დასაწყისშივე „სამტრედია“ კაცნაკლული დარჩა. 48-ე წუთზე, გიორგი მჭედლიშვილმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
„დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა – თბილისელებმა დათო სხირტლაძის (57-ე წუთზე), ბარნს ოსეის (59), მილან რადინის (72) და გიორგი მოისწრაფიშვილის (79) გოლებით დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
საბოლოოდ, „დინამომ“ 5:1 მოიგო, 26 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (56) ისევ ხუთი ქულით ჩამორჩება, „სამტრედია“ კი (16) ქულით ისევ ბოლო პოზიციაზეა.