ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის მატჩები „დინამო-არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო. „დინამო თბილისმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა, სადაც სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში ცეცაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„დინამოს“ შემადგენლობაში ცვლილებები კორონავირუსის ტესტებმა შეიტანეს – დადებითი პასუხის შემდეგ მასპინძლებს დააკლდათ მეკარეები როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი და შემტევები, ფაბიან სპორქსლედე და სეკუ კეიტა. ამის გამო „დინამოს“ კარში 19 წლის დებიუტანტი ლუკა კუტალაძე ჩადგა, რომელიც ბოლოს ისე გათამამდა, საკუთარ კართან მეტოქის თავდამსხმელი მოატყუა. თბილისელთა სათადარიგოებში იყო 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი, გუნდის მთავარ მწვრთნელად კი ზაურ სვანაძე დაფიქსირდა, რადგან მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე წინა ტურში სეზონში მეორედ გააძევეს.
ტრიბუნაზე უკვე გულშემატკივარი დაუშვეს და „დინამოს“ და „სამტერდიას“ მცირერიცხოვანმა მხარდამჭერებმაც კი მოახერხეს და სტადიონზე კარგი ატმოსფერო შექმნეს. შეხვედრა გახსნილი და სანახაობრივი გამოდგა. მე-20 წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავამ „სამტერდიას“ მოთამაშის, თამაზ ცეცხალაძის შეცდომის შემდეგ გახსნა.
საუკეთესო უდავოდ ბაქარ ქარდავა იყო, რომელმაც პირველი გოლის დროსაც გადაცემა ჩაჭრა და მეორე გოლზეც იგივე გააკეთა. „დინამოს” საყრდენმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა, წინ წაიღო და კარში საკმაოდ შორიდან დარტყმით „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა – 2:0. სამტრედიელებმა ანგარიში 26-ე წუთზე შეამცირეს. მარცხენა ფლანგზე ირაკლი რუხაძე ორ მცველში გაძვრა და კარის წინ ოთარ კობახიძეს უპასა, მან კი შანსი გოლად აქცია და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირა – 2:1.
„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 8 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო „სამტრედია“ კი 4 ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
დინამო თბ – სამტრედია 2:1
11.04. 2021. თბილისი. „დინამო არენა“
გოლები: 1:0 გაბედავა (20), 2:0 ქარდავა (22), 2:1 კობახიძე (26. რუხაძის პასით)
დინამო თბ: კუტალაძე – ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი – იაშვილი (60. კუცია), ქარდავა (79. მექვაბიშვილი), ლ. გაგნიძე, კობოური – რადინი, მარუშიჩი (60. თ. ახვლედიანი), გაბედავა (74. აბუაშვილი)
სამტრედია: კულუა – სამბუ, გიორგაძე (70. ლალიჩი), რობაქიძე (66. ილურიძე) – იოსელიანი, მესიაჩენკო, ცეცხლაძე, კვირკვია – რუხაძე (74. დოობი), ნათან ჟუნიორი (74. ლომთაძე), კობახიძე (66. გადირზადე)
მთავარი არბიტრი: ა. აფციაური
გაფრთხილებები: ო. კობახიძე (24)