„დინამომ“ „ენგორდანი“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა [ვიდეო/ფოტო]
„დინამომ“ „ენგორდანი“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა [ვიდეო/ფოტო]

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ანდორულ „ენგორდანის“ „დინამო არენაზე“ მასპინძლობდა და მეტოქე, ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მეექვსე წუთზე, თამაშის პირველი გოლი უძლიერესი საჯარიმო დარტყმით ნიკა ნინუამ გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა – 1:0.

მომდევნო წუთებში თამაშის მიმდინარეობა არ შეცვლილა – სტუმრები საკუთარ ნახევარზე შეცდომებს უშვებდნენ. მე-20 წუთზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის შემდეგ, გიორგი კუხიანიძემ შორეული და გამოზომილი დარტყმით, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მიუხედავად არაერთი შანსისა, მასპინძლებმა მატჩის პირველ ნახევარში გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შესვენებაზე კომფორტული – ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

ვითარება არც მატჩის მეორე ტაიმში შეცვლილა. 61-ე წუთზე კუტალიას თავური დარტყმის შემდეგ, ანდორელთა მეკარე უხეშად შეცდა და ბურთი მეტოქის კარში ნოდარ ქავთარაძემ შეაგორა.

რამდენიმე წუთში „ენგორდანის“ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა და თავი ამჯერად კუტალიამ გამოიჩინა. თამაშის განახლებიდან წამები იყო გასული, როდესაც ანდორელებმა საკუთარ ნახევარზე მორიგი უხეში შეცდომა დაუშვეს, რასაც „დინამოს“ სწრაფი იერიში და გიორგი კუხიანიძის მეორე გოლი მოჰყვა.

მასპინძელთა ბოლო, მეექვსე გოლი „დინამოს“ სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა, რომელიც გიორგი ზარიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა.

საბოლოო ჯამში, „დინამომ“ მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.

გუნდებს შორის მეორე დაპირისპირება 18 ივლისს, ანდორაში გაიმართება.