„დინამო თბილისში“ იმედოვნებენ, რომ 2019 წელს დარასელიას სახელობის ტურნირზე „რეალი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ
„დინამო თბილისში“ იმედოვნებენ, რომ 2019 წელს დარასელიას სახელობის ტურნირზე „რეალი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ

24 აპრილს, „დინამო თბილისის“ ორგანიზებით, დაიწყება ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 29 აპრილს დასრულდება. „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში გამართული პრესკონფერენცია სწორედ ამ ტურნირს მიეძღვნა.

„დინამო თბილისის“ 2003 წელს დაბადებულთა გარდა, ტურნირზე ითამაშებს „ესპანიოლი“ (ესპანეთი), „ჯენოა“ (იტალია), „ვიტესი“ (ჰოლანდია), „სპარტაკი“ (რუსეთი), „დინამო“ (ბელორუსი), „დინამო“ (უკრაინა) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია. ჯგუფური და პლეიოფის მატჩები აკადემიის მოედნებზე გაიმართება, ხოლო ფინალი – „დინამო არენაზე“.

„ჩვენი მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია და რომ აკადემიის გაზრდილებს დიდ ფეხბურთში გზა გავუხსნათ“, – ამბობს „დინამოს“ აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე.

ტურნირის მენეჯერის, არჩილ კეკელიას თქმით, ტურნირში მონაწილეობა ბელგიურ „გენკსაც“ სურდა, ასევე „იუვენტუსს“. კეკელია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე „იუვენტუსი“ და „რეალი“ ითამაშებენ.

„დარასელიას სახელობის ტურნირი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ევროპის კლუბები განაცხადს წინასწარ აკეთებენ. მაგალითად, მონაწილეობას ბელგიური „გენკი“ გვთხოვდა, თუმცა, სამწუხაროდ, წელს მისთვის ადგილი აღარ გამოინახა. მსურველთა შორის ასევე „იუვენტუსი“ იყო, რომელიც იმედია, მომავალ წელს ითამაშებს. 2019 წელს მადრიდის „რეალსაც“ ველოდებით. უბრალოდ, ახლა სწავლის პერიოდია, ყველა გუნდში კი ეს საკითხი მკაცრად დგას. საორგანიზაციო საკითხები წარმატებით მოვაგვარეთ, ხოლო ტურნირი ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნა არჩილ კეკელიამ.