„დინამო თბილისს“ ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს #1TVSPORT
„დინამო თბილისს“ ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი გახდება – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიასა და ავსტრიელ მწვრთნელს შორის დასკვნითი მოლაპარაკება 12 ივნისს გაიმართა და მხარეები პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, 44 წლის სპეციალისტი საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელობის დროს ფერდინანდ ფელდჰოფერი მცველი იყო – 1998 წელს გრაცის „შტურმში“ დაწყებული კარიერა 2002 წელს ვენის „რაპიდში“ გააგრძელა, შემდეგ ითამაშა „ვაკერ ინსბრუკში“, 2008-2013 წლებში კი ისევ „შტურმში“ თამაშობდა. 2002-2007 წლებში ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

2012 წლის ივნისში, უეფა-ს A კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზიის მიღების შემდეგ ფელდჰოფერი „ლაზ ვეიცში“ მენეჯერად მუშაობდა. 2015 წელს „ლაფნიცის“ მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს და გუნდი რეგიონალლიგიდან ავსტრიის მეორე ლიგაში დააწინაურა.

2019 წლის ოქტომბერში ფელდჰოფერმა უეფა-ს მწვრთნელის პროლიცენზია მიიღო და დეკემბერში ავსტრიული ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერს“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით 2019-2020 წლების სეზონში გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 2020-2021 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ვოლფსბერგერმა“ ისტორიაში პირველად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და პლეი ოფში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.

ფელდჰოფერის მწვრთნელობის დროს „ვოლფსბერგერში“ თამაშობდნენ ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. 2021 წლის ნოემბრიდან ფელდჰოფერი ვენის „რაპიდს“ ჩაუდგა სათავეში, საიდანაც 2022 წლის 16 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისელთა მომავალმა მწვრთნელმა ფეხბურთელობის დროს, 2010-11 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე „შტურმის“ შემადგენლობაში „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა და პირველ მატჩში, რომელიც გრაცში ავსტრიელებმა 2:0 მოიგეს, გოლიც გაიტანა. საპასუხო შეხედრა თბილისში 1:1 დასრულდა.