„დინამო თბილისმა“ მოიგო და ჩემპიონობის შანსს ჯერ ისევ ინარჩუნებს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:2.
33-ე ტურის დაპირისპირება მოსალოდნელი სცენარით დაიწყო. „დინამო“ მე-4 წუთზე დაწინაურდა – სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თბილისელები დავით სხირტლაძემ დააწინაურა. მე-19 წუთზე ქობულეთელების თავდამსხმელმა გიორგი გოგოლაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ თბილისელებმა შესვენებამდე უპირატესობა მაინც მოიპოვეს. 28-ე წუთზე სხირტლაძის გადაცემით უსმანე კამარამ გაიტანა, ხოლო 45+3-ე წუთზე ქობულეთელთა დაცვის შეცდომით საბა ხვადაგიანმა ისარგებლა – 3:1.
„დინამომ“ მეორე ტაიმში საქმე მოთავებულად ჩათვალა, კონცენტრაცია დაკარგა და 52-ე წუთზე მეორე ბურთიც გაუშვა. ქობულეთელების სწრაფი კონტრშეტევა გია აფხაზავამ დააგვირგვინა. თუმცა 89-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა თბილისელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.
„დინამო თბილისი“ 33 ტურის შემდეგ 64 ქულით მე-2 ადგილზეა, ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება (ბათუმელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. „შუქურა“ (11) კი ეროვნული ლიგიდან გავარდა და დარჩენილ შეხვედრებში ვითარებას ვეღარ გამოასწორებს.