„დინამო თბილისმა“ ლუკა წულუკიძე დაიმატა - სიგუა „ბაზელში“ მიდის #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ლუკა წულუკიძე დაიმატა - სიგუა „ბაზელში“ მიდის #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ რუსეთიდან 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ტალანტი, ლუკა წულუკიძე დაიმატა, ხოლო გაბრიელ სიგუას, დიდი ალბათობით, შვეიცარიის „ბაზელში“ გაუშვებს.

ლუკა წულუკიძე ზესტაფონელია. 11 წლიდან ჯერ „საბურთალოში“ ვარჯიშობდა, შემდეგ ორი წელი ფეხბურთის ფედერაციას რუსთავის აკადემიაში გაატარა და ისევ „საბურთალოში“ დაბრუნდა, სადაც სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი.

წულუკიძემ 2022 წლის 8 თებერვალს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, ეკატერინბურგის „ურალთან“. 16 დღეში კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და წულუკიძე დროებით „საბურთალოში“ დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან წასვლა მოუხდა. მძიმე ტრავმის გამო „ურალში“ დიდი დრო გაუცდა და ვარჯიშის განახლება მხოლოდ წელს მოახერხა.

ახლა წულუკიძემ ისევ ისარგებლა ფიფა-ს წესებით, „ურალი“ დატოვა და „დინამო თბილისში“ ითამაშებს, რომელთანაც ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან უკვე ითამაშა ამხანაგური მატჩი „დინამო 2“-ის შემადგენლობაში „ლოკომოტივი 2“-ის წინააღმდეგ. ტრავმის შემდეგ რუსეთში სათამაშო პრაქტიკა აკლდა და ახლა ცდილობს ფორმის აღდგენას.

ფორმაში მყოფი წულუკიძე კარგად ჩაანაცვლებს გაბრიელ სიგუას, რომელიც, „ჯეო თიმის“ ცნობით, შვეიცარიაში ხვალ, 24 ივლისს მიფრინავს. „დინამო თბილისის“ 18 წლის ნახევარმცველი „ბაზელში“ ჩაირიცხება.

სიგუამ ბოლო წელს „დინამოში“ ადგილი დაიმკვიდრა, მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახა. სიგუამ ითამაშა ევრო 2023-ზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპელთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

სიგუას ტრანსფერით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ „დინამოს“ ყველაზე რეალური წინადადებით შვეიცარიელებმა მიმართეს.