„დინამო თბილისმა“ ლიეტუვის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია დაადასტურა. ლიეტუველი ლეგიონერი დანიელ რომანოვსკი თბილისურ გუნდს შეუერთდა.
„ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი დანიელ რომანოვსკი „დინამოში“ ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის „ჟალგირისის“ აღზრდილია და კლუბში ექვსი წელი გაატარა. სხვადასხვა დროს ის „შტუმბრასის“, კაუნასის „ჟალგირისის“, დონეცკის „ოლიმპიკის“ და „ბანგას“ ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რომანოვსკი „შიაულიაის“ რიგებში თამაშობდა.
დანიელ რომანოვსკის ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული.