„დინამო თბილისმა“ გაჩემპიონებული ბათუმის „დინამო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისმა“ უკვე გაჩემპიონებულ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში მეტოქე 6:2 დაამარცხა.
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული წინა ტურში გახდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა.
სტუმრებმა თამაში კარგად დაიწყეს – ანგარიში მესამე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა და ბომბარდირთა დავაში 17 გოლით დაწინაურდა. ამის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 26 წუთში ხუთი გოლი გაიტანა. ანგარიში საბა ხვადაგიანა გათანაბრა, ხოლო მე-16 წუთზე ბათუმელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილის უხეში შეცდომის შედეგად თბილისელები დაწინაურდნენ.
შემდეგ თავი ზორან მარუშიჩმა (19), გიორგი ხარაიშვილმა (22) და დავით სხირტლაძემ (34) გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამი გოლი ახალგაზრდა შემტევის, ლაშა ოდიშარიას პასებით გავიდა. ბათუმელებმა კი ალექსანდერ იაკობსენის (36) ზუსტი დარტყმით სხვაობა ოდნავ შეამცირეს.
მეორე ტაიმში „დინამო თბილისი“ დამშვიდდა, ბათუმელებს კი თამაშის გადარჩენაზე დიდად არ უზრუნიათ. მეორე ნახევარში ერთი გოლი გავიდა – 67-ე წუთზე თავი უსმანე კამარამ გამოიჩინა. ბათუმელებიდან ყველაზე მეტად მთავარი მწვრნელი, ანდრეი დემჩენკო ნერვიულობდა, რომელიც 72-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს.
ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში ამ გუნდებისთვის არაფერი შეიცვლება – ბათუმის „დინამო“ ჩემპიონია და მომავალ ევროსეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს. „დინამო თბილისი“ კი მეორე ადგილზე გავიდა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს.