„დინამო თბილისმა“ დაძაბული „კლასიკო“ მოიგო და ლიდერს დაეწია #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ დაძაბული „კლასიკო“ მოიგო და ლიდერს დაეწია #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ქართულ „კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედო“ დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერს ისევ გაუთანაბრდა.

ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა. თბილისელებმა ანგარიში შესვენებამდე გახსნეს. 45+2-ე წუთზე მასპინძლების სწრაფი და ეფექტური კომბინაცია ულად ომარი იმრანმა დააგვირგვინა.

ქუთაისელები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ნიკა კაჭარავამ კარის წინ გია მანჯგალაძეს უპასა, რომელმაც შანსი გოლად აქცია – 1:1. თუმცა, ხუთ წუთში გიორგი ხარაიშვილის გადაცემით ვაგნერ გონსალვეშმა ისარგებლა – 2:1.

ბოლო წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ქუთაისელებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ერთხელ მეკარემ მოიგერია ბურთი, ორჯერ კი თბილისელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ და გუნდი გადაარჩინეს, „დინამომ“ კი გამარჯვება შეინარჩუნა – 2:1.

შვიდი ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ (19 ქულა) ბათუმის „დინამოს“ (19) ქულებით დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (12) მესამეზე.

ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური ხვალ დასრულდება:

კვირა, 9 აპრილი

გაგრა – დილა

14:30. „ილია კოკაია არენა“. თბილისი

სამგურალი – საბურთალო

16:00. „დავით აბაშიძე არენა“. ზესტაფონი