„დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი განახლებულ „დინამო არენაზე“ გაიმართება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში ორი „დინამოს“ დაპირისპირებაში თბილისელები ბათუმელებს უმასპინძლებენ – ეს იქნება განახლებულ „დინამო არენაზე“ გამართული პირველი თამაში.
„დინამო თბილისისა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა 28 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს 70-ედ დაუპირისპირდებიან. წინა 69 დაპირისპირებიდან 42 თბილისელებმა მოიგეს, 14 – ბათუმელებმა, ხოლო 13 ფრედ დასრულდა.
ბილეთები უკვე გაყიდვაშია (https://bit.ly/თბილისიxბათუმი). სკოლის მოსწავლეები მატჩს უფასოდ დაესწრებიან. საამისოდ საჭიროა მხოლოდ sCool Card-ი და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა (პირადობა, პასპორტი ან დაბადების მოწმობა).
„დინამო არენა“ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისათვის განახლდა, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი („დინამო არენა“) 1935 წელს აშენდა (არქიტექტორი – არჩილ ქურდიანი) და 23 ათასს მაყურებელს იტევდა. 1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია და ტევადობა 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, „დინამოს“ წარმატებებმა და მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის სტადიონის აგების საჭიროება დააყენა.
საქართველოს მთავარ და ყველაზე დიდ სტადიონს 1974-1976 წლებში კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი და გია ქურდიანები, კონსტრუქტორი – შალვა გაზაშვილი). 1976 წელს, ფაქტობრივად, ახალი, თანამედროვე სტადიონის გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად 75 ათასამდე მაყურებელს იტევდა.
მომდევნო რეკონსტრუქცია სტადიონს 2006 წელს ჩაუტარდა (ავტორები, არქიტექტორები – გია ქურდიანი და არჩილ ქურდიანი-უმცროსი) და სტადიონის ტევადობა, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების შემდეგ 54 139-მდე შემცირდა.
2012 წელს „დინამო არენაზე“ ძველი სათამაშო მინდორი შეიცვალა უახლესი, მაღალხარისხიანი გაზონით. მოხდა ენერგოსისტემის და საირიგაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი განათება, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირ მკაცრ მოთხოვნებს. VIP ლოჟა მთლიანად შეიცვალა და გადაეწყო უეფა-ს სტანდარტზე.
2015 წელს „დინამო არენამ“ უეფა-ს ევროპის სუპერთასს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. ამ მატჩისთვის ტრიბუნებზე მთლიანად შეიცვალა სკამები. განახლდა და მთლიანად გადაიხურა პრეს ლოჟა, რომელიც აღიჭურვა უეფა-ს სტანდარტების კომუნიკაციის არხებითა და მერხებით. ხელახლა გარემონტდა შიდა სათავსოები. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, ძველის ნაცვლად, დამონტაჟდა თანამედროვე მრავალფუნქციური ტაბლო.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის მატჩს თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო. ეს მაჩვენებელი 1995 წელს განმეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.
1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა 20-წლამდელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური შეხვედრა. წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებები.
1995 წლიდან სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.
2011 წლის 25 აგვისტოს ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა „დინამო არენა“.