„დინამო თბილისის“ კომენტარი მატჩის გადადებაზე - ბოლო ტესტებით ჩვენთან ყველას ნეგატიური პასუხი დაუფიქსირდა
„დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივთან“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩის გადადებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „დინამოს“ არცერთ მოთამაშეს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.
„დღევანდელი დერბი გადაიდო – შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. „დინამოში“ ბოლოს აღებული ტესტებით მთლიანად გუნდს და სტაფს ნეგატიური პასუხი მოუვიდა. ასევე ნეგატიურია აკადემიაში ბოლოს აღებული ტესტებიც და აკადემია ორშაბათიდან წესების სრული დაცვით ვარჯიშებს განაახლებს“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატჩი კოვიდინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო გადაიდო, თბილისური კლუბების დაპირისპირება კი 8 ნოემბერს გაიმართება.
დაუდასტურებელი ცნობებით, კორონავირუსი „ლოკომოტივის“ მწვრთნელთა შტაბში დაფიქსირდა. მატჩი ჯანდაცვის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით გადაიდო.