„დინამო თბილისის“ კაპიტანი - უკრაინას თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ რამდენიმე დღის წინ ლვოვში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. აღნიშნული ტვირთი უკრაინულ მხარესთან იყო შეთანხმებული და მოიცავდა იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრს სჭირდებოდა.
ახლა „დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი აქტოვობა განახორციელა და უკრაინის დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს – საუბარია 10 000 ლარზე, რომლის ნაწილი „დინამო თბილისისა“ და გორის „დილას“ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შეგროვდა, ნაწილის მობილიზება კი, ახლად შექმნილმა „კაპიტნის ფონდმა“ მოახდინა.
„თითოეული ჩვენგანი ძალიან განვიცდით უკრაინაში მიმდინარე ომს და გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. პირველივე დღიდან სხვადასხვა გზით ვცდილობთ უკრაინელი მეგობრების დახმარებას. კაპიტნის ფონდი სეზონის დასაწყისში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ. ახლა კი ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის დახმარება სწორედ უკრაინას სჭირდება“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ კაპიტანმა გიორგი პაპავამ.