„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ამ დღეს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„თავისუფლება ის არის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ქართველებისთვის და აუცილებლად ყოველთვის უნდა ვიბრძოდეთ თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ.
აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის აქციას დასაწყისში სწორედ „დინამოს“ მატჩის გულშემატკივრები შეუერთდნენ. 1989 წლის 4 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იმართებოდა, როდესაც თბილისელები ხარკოვის „მეტალისტს“ მასპინძლობდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გულშემატკივრებს მიმართეს, შეერთებოდნენ აქციას და სტადიონიდან 15 ათასი ადამიანი რუსთაველისკენ დაიძრა.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ „დინამოს“ მაშინდელი ფეხბურთელები – გია ჯიშკარიანი, კახა გოგიჩაშივილი, კახა კაჭარავა, კახა ცხადაძე, გიორგი ნემსაძე. გიორგი ნემსაძის მამიდაშვილი იყო ეკა ბეჟანიშვილი, რომელიც 9 აპრილს საბჭოთა ჯარების ბარბაროსობას ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ გორში და თელავში 9 აპრილის მემორიალთან დამოუკდიებლობისთვის გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგინით შეამკეს „დილას“ და „თელავის“ მოთამაშეებმა.