„დინამო თბილისიდან“ ისრაელში - გაბედავა აკრეს „ჰაპოელში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელში გააგრძელებს. 33 წლის ფორვარდმა „დინამო თბილისი“ დეკემბერში დატოვა და კონტრაქტი აკრეს „ჰაპოელთან“ გააფორმა.
გიორგი გაბედავამ კარიერა ზუგდიდის „მგლებში“ დაიწყო, ცნობილი გახდა „გაგრაში“ გამოსვლით. უთამაშია რუსთავის „ოლიმპში“, „ილიჩევეცში“, „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, „ზაგლებიეში“, „საბურთალოში“, „დინამო თბილისში“ კი 2020 წელს ჩაირიცხა.
2018 წელს, საჩხერის „ჩიხურაში“ ყოფნის დროს ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ამავე წელს დასახელდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად. გაბედავა არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასისა (2-ჯერ) და სუპერთასის გამარჯვებული.
2022 წლის სეზონში, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „ლოკომოტივის“ კარში გატანილი ბურთი გაბედავასთვის მე-100 გოლი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში და მე-19 ფეხბურთელი გახდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 100 ან მეტი გოლი მოუგროვდა. პირველი ფეხბურთელი, რომელიც 100-იან ზღვარს გადაცდა, ოთარ კორღალიძე გახლდათ. ყველაზე მეტი კი ზურაბ იონანიძეს აქვს გატანილი (216).
გიორგის ახალი გუნდი აკრეს „ჰაპოელი“ ისრაელის რანგით მეორე ლიგაში (ლეუმით ლიგა) თამაშობს, მე-5 ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში (ლიგათ ჰაალი) გადასასვლელად იბრძვის, ლიდერებს – პეტახ-ტიკვას „ჰაპოელს“ და „მაკაბის“ კი 7-7 ქულით ჩამორჩება.