„დინამო თბილისმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მე-18 დაეუფლა.
„დინამო-არენაზე“ გამართულ მატჩში მისი მეტოქე თბილისის „მერანი“ იყო, რომელმაც ლიგაში ადგილი ფინიშამდე სამი ტურით ადრე დაკარგა. მატჩი „დინამოს“ უპირატესობით მიმდინარეობდა და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც ლოგიკური იყო. ანგარიში 25-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ პენალტით გახსნა, 42-ე წუთზე თავი გიორგი გაბედავამ გამოიჩინა, რომელმაც 77-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და „დინამომ“ 3:0 მოიგო.
პარალელურად მიმდინარეობდა თბილისელთა კონკურენტის, ბათუმის „დინამოს“ მატჩი საჩხერის „ჩიხურასთან“, რომელიც ბათუმის ახალი სტადიონის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო ანგისას ბაზაზე ჩატარდა. ბათუმელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 73-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ვალერიან თევდორაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. მან თერთმეტმეტრიანის „პირლოს“ სტილში შესრულება სცადა, მაგრამ მეკარე არ გადახტა და ბურთი ხელში იოლად დაიჭირა. თამაში კი 0:0 დასრულდა.
საბოლოოდ, „დინამო თბილისმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბათუმელები მას 4 ქულით ჩამორჩნენ და ვერცხლის მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. საჩხერის „ჩიხურამ“ სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი ოფში ლიგა 2-ის მეორეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება. „მერანმა“ სეზონი ისე დაასრულა, ერთი მატჩი ვერ მოიგო, რაც საქართველოს ჩემპიონატების ანტირეკორდია.