„დინამო თბილისი“ ლაკვეხელიანის ტრანსფერს უმიზნებს #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ლაკვეხელიანის ტრანსფერს უმიზნებს #1TVSPORT

ლუკა ლაკვეხელიანი, დიდი ალბათობით, კარიერას „დინამო თბილისში” გააგრძელებს. ჯერ კლუბი ოფიციალურად არ ადასტურებს Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონს 24 წლის ფეხბურთელის დამატებით მარცხენა მცველის პოზიციაზე არსებული პრობლემის მოგვარება სურს.

ლუკა ლაკვეხელიანი ბოლოს უნგრულ „მეზოკოვეშდში“ თამაშობდა, მაგრამ თებერვალში გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა, თავისუფალი აგენტი გახდა და ახალ კლუბს ეძებდა.

ლაკვეხელიანი „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ძირითად გუნდში 2017 წელს დაწინაურებულმა მარცხენა მცველმა თბილისური გუნდის ფორმით 91 მატჩი (2 გოლი, 10 საგოლე პასი) ჩაატარა და 2018 წელს „საბურთალოსთან“ ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ლუკა ლაკვეხელიანი „საბურთალოდან“ უნგრულ კლუბში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა „მეზოკოვეშდში“ თამაშის პერიოდში ორჯერ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამის გამო, ფაქტობრივად, ორი წელი გაუცდა და კარიერის განვითარების საშუალება არ მიეცა მარცხენა მცველს, რომელსაც ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატიც იყო.