„დინამო თბილისი“ კაპიტანმაც დატოვა - დავით სხირტლაძე „ქოჯაელისპორში“ ითამაშებს #1TVSPORT
„ქოჯაელისპორმა“ ქართველ ფეხბურთელთან, დავით სხირტლაძესთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თურქული მედიიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისის „დინამოს“ 30 წლის კაპიტნის კანდიდატურა ბოლო მომენტში გამოჩნდა და თურქეთის პირველი დივიზიონის გუნდთან მან ხელშეკრულება სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო საათებში გააფორმა.
„ქოჯაელისპორის“ თავდამსხმელი დუგლას ტანკე იაპონურ „შიმიძუ ს-პალსში“ გადავიდა, რის შემდეგაც კლუბმა 1.5-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა 30 წლის კონგოელ ბენიკ ტუნანი აფობთან, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბმა, „ალ დაფრამ“ ის ახალ გუნდში არ გაუშვა.
ამ მოვლენის შემდეგ „ქოჯაელისპორი“ დავით სხირტლაძეს დაუკავშირდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ კაპიტნის ტრანსფერის შესახებ კლუბის ვებგვერდზე წერია, რომ საიჯარო ხელშეკრულება დაიდო და ქართველი ფეხბურთელი გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „ქოჯაელისპორში“ ასევე ირიცხებიან გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი.