„დინამო თბილისი“ ისევ გალიდერდა - ხარაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-4 ტური გორში გამართული მატჩით დასრულდა – „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.
თბილისელები „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ ჩატარებულ დაპირისპირებაში პირველივე ტაიმში უპირატესობას დაეუფლნენ და 4 რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ უსმანე კამარამ, გაბრიელ სიგუამ და ზორან მარუშიჩმა (2-ჯერ) მიზანს ვერ მიაღწიეს – ორ ეპიზოდში „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძემ კარგად ითამაშა.
მეორე ნახევარში პირველი რეალური მომენტი „სამგურალის“ თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ შექმნა, მაგრამ „დინამო“ ძელმა გადაარჩინა. ანგარიში კი 69-ე წუთზე მაინც თბილისელებმა გახსნეს – დავით სხირტლაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა. 90+3-ე წუთზე კი მისი გადაცემით გიორგი ხარაიშვილმა „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
„დინამო თბილისმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და 4 ტურის შემდეგ 12 ქულით პირველი ადგილი დაიბრუნა, წყალტუბოს „სამგურალი“ (6) კი მე-4 პოზიციაზე დარჩა.