ეროვნული ლიგა 2-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა – 4 შეხვედრაში 22 გოლი გავიდა.
ლიდერების თამაში „ვიტალი დარასელია არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამო თბილისი 2“-მა დუშეთის „არაგვი“ 3:1 დაამარცხა. ორივე გუნდს თითო მოთამაშე გაუძევეს. ანგარიში მე-3 წუთზე „არაგვის“ შემტევმა, კობა ქებურიამ გახსნა, მაგრამ თბილისელებმა ლუკა სალუქვაძის (7) და ნიკა ცეცხლაძის (19, 77 – პენალტი) გოლებით 3:1 გაიმარჯვეს და გალიდერდნენ, ხოლო „არაგვი“ მეოთხე ადგილზე დააქვეითეს.
ბოლნისში „სიონმა“ „სპაერს“ დიდი ანგარიშით სძლია 5:1. გოლები გაიტანეს გოჩა ცირდავამ (7, 48), ლუკა ჩაგანავამ (32), თორნიკე კაპანაძემ (50) და თეიმურაზ შონიამ (58), ხოლო „სპაერიდან“ – საბა გეგიაძემ (17).
„რუსთავი“ შინ საგარეჯოს „გარეჯთან“ ლევან პაპავას გოლით (39) მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ გიორგი გაბედავას დუბლით (68, 71 – პენალტი) დაწინაურდა და თამაშის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა დამატებულ დროში „გარეჯმა“ შალვა ექვთიმიშვილის (90+1) და ლაშა უგრეხელიძის (90+7) ზუსტი დარტყმით 3 ქულა მოიპოვა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ კვლავ ვერ მოიგო. გუნდი განმუხურის სტადიონზე ხობის „კოლხეთს“ ესტუმრა და იგებდა, მაგრამ გამარჯვება ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა – 2:2. ხობელებიდან გოლები გიორგი ჭედიამ (52) და ანატოლი მესიაჩენკომ (89) გაიტანეს, ხოლო „ლოკომოტივიდან“ – სანდრო შეწირულმა (31) და რომან ჩაჩუამ (67).
ტურის ბოლო მატჩი სართიჭალაში გაიმართა, სადაც „შტურმმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო. მე-10 წუთზე სტუმრების კარი გურამ ლუკავამ აიღო, ხოლო 72-ე წუთზე „შტურმის“ უპირატესობა ზურაბ სეხნიაშვილმა გაზარდა. „ვიტ ჯორჯიამ“ სხვაობა ნიკა კეწელაშვილმა (78) შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.
ეროვნული ლიგა2. ტური 7
დინამო-2 თბ – არაგვი 3 : 1
სიონი – სპაერი 5 : 1
რუსთავი – გარეჯი 2 : 3
ხობის კოლხეთი – ლოკომოტივი 2 : 2
შტურმი – ვიტ ჯორჯია 2:1