თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი პოლტავის „ვორსლასთან“ ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
თბილისელთა რიგებში იყვნენ სინჯებზე ბელარუსის მოქალაქე ტერენტი ლუცევიჩი და გუჯა რუხაია. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ბუდუ ზივზივაძემ გააგზავნა და „დინამოში“ სადებიუტო გოლის 1:0 ავტორი გახდა.
უკრაინელებმა პირველ ტაიმში პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი სამი გოლი გაიტანეს და „დინამო“ 1:4 დამარცხდა.
პოლტავლეთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა. სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ნახევარში შეცვალეს. ამ დროს, მოედანზე მარტვილის „მერანის“ ყოფილმა მცველმა ანდრო გიორგაძემ მეოთხე გოლი გაიტანა და 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.