თბილისის “დინამო” საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. მან მეორე მატჩიც მოუგო “ოლიმპს” და მეოთხედფინალური სერიაში 2:0 გაიმარჯვა.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად, ოლიმპიური სასახლის მოედანზე უფრო დაძაბული ბრძოლა იყო და დინამოელებმა მხოლოდ 10 ქულით მოიგეს – 70:60.
“ოლიმპმა” შეძლო პირველი ორი მეოთხედის მოგება (15:11, 19:16) და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მაგრამ, მეორე ტაიმში “დინამო” გაცილებით მობილიზებული გავიდა მოედანზე და პირველი ნახევრის ჩამორჩენა 2 წუთში გააბათილა, ბოლო მეოთხედს კი 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. დასკვნით 10-წუთეულში ირაკლი ხოშტარიას გუნდს ინიციატივის შენარჩუნება არ გასჭირვებია. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა და სერიის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა.
“დინამოში” 18 ქულით საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო. 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ილია ლონდარიძეს. “ოლიმპში” 18 ქულით მარკ ოგდენი გამოირჩა.
“დინამო” ნახევარფინალშია და “კაკტუსსა” და “მგზავრებს” შორის სერიაში გამარჯვებულს ელოდება.