„დინამო“ პირველ ამხანაგურს ჩაატარებს - „საბურთალო“ სერბებს დაუპირისპირდება
თბილისის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს. გუნდს შეკრებაზე ყველა ლეგიონერი და ლუკა ქაფიანიძე შეუერთდნენ, რომელმაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.
ხვალ გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვეადგილოსანი პლოვდივის „ლოკომოტივი“ იქნება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ბულგარელები რამდენიმე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან და სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. 17 იანვარს „ლოკომოტივმა“ 4:0 დაამარცხა პლოვდივის „მარიცა“, 20 იანვარს „ორიაჰოვიცას“ 2:0 აჯობეს, ხოლო 24 იანვარს ბალჩიკის „ჩერნომორეცი“ დაჩაგრეს 7:0. პლოვდიველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან ბოსნიელი ფეხბურთის სპეციალისტი ბრუნო აკრაპოვიჩი მუშაობს.
ხვალ, 28 იანვარს, თურქეთში მეორე საკონტროლო შეხვედრას ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალოც“ გამართავს – ჩემპიონების მეტოქე სერბეთის პირველობის მეხუთეადგილოსანი, „ნაპრედაკი“ იქნება. მატჩი თურქეთის ქალაქ სიდეში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას გულშემატკივრებს „საბურთალო“ საკუთარ Youtube არხზე სთავაზობს.
სერბული გუნდი დღეა ანტალიაში ახალი ჩასულია და წლეულს „საბურთალოსთან“ მატჩი მისთვის პირველი ამხანაგური იქნება.