„დინამო“ პენალტების სერიაში დამარცხდა - ვიტალი დარასელიას თასის ფინალში „ვალენსია“ „იუვენტუსს“ შეხვდება #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას თასის ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი „იუვენტუსის“ 16-წლამდელებს დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა.
თბილისელელები ტურინელებს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და 3:1 სძლიეს, იტალიელებმა კი ჯგუფში „უოტფორდთან“ მეორე მატჩიც წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს. ამჯერად კი თბილისელების მეტოქემ ბევრად უკეთესი თამაში აჩვენა.
ნიკოლოზ ჩიქოვანმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა და მატჩის პირველი ნახევარი „დინამომ“ 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმი იტალიელებმა კარგად დაიწყეს. ლორენცო კანჩილამ 48-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე თბილისელთა დაცვის უხეში შეცდომით კიდევ ერთხელ ისარგებლა და დუბლით „იუვენტუსი“ დააწინაურა. ერთ წუთში კი ტურინელები კაცნაკლულები დარჩნენ, თბილისელებმა იბრძოლეს და 69-ე წუთზე მათე შათირიშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „იუვენტუსმა“ (4:2) შეასრულა და ფინალში ითამაშებს, რომელიც ხვალ, 22:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.
იტალიური აკადემია დაუპირისპირდება „ვალენსიას“, რომელმაც ნახევარფინალში „უოტფორდს“ 2:1 სძლია. მანამდე, 17:00 საათზე მეხუთე ადგილისთვის „ლოკომოტივი“ და „გალათასარაი“ ითამაშებენ, 19:00 საათზე კი მესამე ადგილისთვის „უოტფორდი“ „დინამოს“ შეხვდება.