„დინამო“ ორ შეხვედრას უმაყურებლოდ ითამაშებს - კლუბი სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში „დინამო თბილისის“ მეტოქე გორის „დილა“ იქნება – მატჩი „დინამო არენაზე“ 20 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება, მაგრამ მაყურებელი ვერ დაესწრება – ინფორმაციას „დინამოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
„სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოსთან“ XI ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, ჩვენი გუნდი მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ გამართავს“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
3 მაისს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო არენაზე“ ორი „დინამოს“ დაპირისპირება გაიმართა – თბილისელებმა ბათუმელები მიიღეს და მატჩი 0:0 დასრულდა.
თამაშს სკოლის მოსწავლეები უფასოდ ესწრებოდნენ, რომლებიც შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე რამდენიმეჯერ შევარდნენ და ყველა შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიასთან სცადეს მისვლა. ასე მოხდა მანამდე ქუთაისშიც, სადაც გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ფორვარდთან სელფი გადაიღო.
ხვიჩა კვარაცხელიას და ლიდერების მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ 20-დან 22 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა და ბოლო წლებში ეროვნულ ლიგაზე დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა.