„დინამო“ ლიდერებს დაეწია - ეპიდემიის შემდეგ „თელავი“ თბილისელებმაც დააზარალეს [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრას თელავის „კავკასიონი არენამ“ უმასპინძლა – „თელავმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ეს მატჩი ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. ორიოდე დღის წინ „თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ გუნდში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო, შეხვედრა 26 მარტს გაიმართებოდა, მაგრამ კლუბები შეთანხმდნენ და მატჩი „კავკასიონი არენაზე“ კალენდრით დათქმულ დღეს გაიმართა.
თუმცა, მასპინძლებს მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე დააკლდათ, სათადარიგოთა სკამზე კი მხოლოდ ორი მოთამაშე ჰყავდათ. „დინამოს“ სათადარიგოთა სკამს კი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა.
„დინამოელებმა,“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში მოიპოვეს. ანგარიში 63-ე წუთზე მრავალსვლიანი, ლამაზი კომბინაციის შედეგად გახსნეს – დავით კობოურის ფლანგური გადაცემა ზორან მარუშიჩმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა. 69-ე წუთზე ფაბიან სპორკსლედემ შორიდან ეფექტური გასროლით „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა, ხოლო 72-ე წუთზე მილან რადინმა სტუმართა ძალიან კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3 „დინამოს“ სასარგებლოდ.
ხუთი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ ათი ქულა დააგროვა და გორის „დილასთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად გათამაშების ლიდერი გახდა. თუმცა, გორელებს და ბათუმელებს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ.
„თელავი“ – „დინამო“ თბ – 0:3
გოლები: 0:2 მარუშიჩი (63. კობოურის პასით), 0:2 სპორკსლედე (69. მარუშიჩის პასით), 0:3 რადინი (72)
20.02.2021. თელავი. „კავკასიონი არენა“.
„თელავი“: სანიკიძე – ც. კაპანაძე, ზ. თევზაძე, ბერიაშვილი – აშორტია (72. პაბლო კარნეირო), ჯანელიძე, გაბისკირია, შერგელაშვილი – ინჯგია, ჟონატა სანტოსი, შეყილაძე,
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე.
„დინამო“ თ: კვასხვაძე – ხვადაგიანი (73. ხარაბაძე), პაპავა, მონხილი – სპორკსლედე (78. წოწონავა), მექვაბიშვილი (73. მოისწრაფიშვილი), ლ. გაგნიძე (78. კუცია), კობოური – რადინი – მარუშიჩი, გაბედავა (73. თ. ახვლედიანი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.
მთავარი არბიტრი: ი. ხერხაძე.
გაფრთხილებები: ხვადაგიანი (22), ჯანელიძე (38), კაპანაძე (43), რადინი (62).