დინამო კოლხეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს
დინამო კოლხეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს

თბილისის „დინამო“ საშინაო მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბმა თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრის ანონსში წერია, რომ „დინამო“ ფოთის „კოლხეთთან“ 27 სექტემბრის მატჩს არა „დინამო-არენაზე“, არამედ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისურ კლუბს ქვეყნის მთავარი სპორტული სტადიონი ხანგრძლივი იჯარით გადაეცა. კლუბმა მოედნის რეაბილიტაცია და „მიხეილ მესხზე“ დროებით გადასვლა „დინამო-არენის“ საფარის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.

ეს ფეხბურთის ფედერაციის ინტერესშიცაა, რადგან „ერთა ლიგაზე“ საქართველოსა და ანდორას ნაკრებების 13 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა სწორედ ეროვნულ სტადიონზე დაიგეგმა.