„დინამო“ გიორგი ნემსაძის გადადგომას არ ადასტურებს #1TVSPORT
„დინამო“ გიორგი ნემსაძის გადადგომას არ ადასტურებს #1TVSPORT

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის „დილასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი ნემსაძე „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, მაგრამ კლუბში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

„ჯერ ნამდვილად არაფერი გადაწყვეტილა“, – ასეთი იყო მოკლე პასუხი, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა კლუბიდან მიიღო.

შევიტყვეთ, რომ დღეს „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელების შეკრება გაიმართა, სადაც გუნდის ბოლოდროინდელი გამოსვლა განიხილეს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ დაადასტურეს.

ერთი ის ვიცით დაზუსტებით, რომ ნემსაძე „დინამო თბილისის“ საქართველოს თასიდან გამოვარდნას და ბოლო ტურში „დილასთან“ წაგებას განიცდის და სკამს არ ეპოტინება.

ასევე შევიტყვეთ, რომ თუ გია ნემსაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგება, კლუბში, შესაძლოა, მაინც დარჩეს, მაგრამ სხვა როლში. ზუსტ პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ბათუმის „დინამოს”, რომელიც თბილისურ კლუბს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.