„დინამო“ განახლებისთვის ემზადება - სანდოხაძე მოედანს უბრუნდება, მჭედლიძე მზადყოფნაშია
25 ივნისს, ეროვნული ლიგა თბილისური დერბით განახლდება, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, „საბურთალო“ „დინამოს“ უმასპინძლებს.
თბილისის „დინამოს“ სეზონის განახლებისთვის დიღმის ბაზაზე ვარჯიშობს და კარანტინსაც ადგილზე გადის, რადგან გუნდს თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი გააჩნია.
კახა ჩხეტიანის გუნდი მოახლოებული მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თავს უკეთ გრძნობს ნიკა სანდოხაძე, რომელიც ტარვმირებული იყო. 26 წლის მცველმა რამდენიმე დღეა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და ახლო მომავალში გუნდთან ერთად სრულ დატვირთვით ივარჯიშებს.
სეზონის განახლებისთვის „დინამოსთან“ ერთად ემზადება ახალგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძეც, რომელსაც პანდემიის პერიოდში შვეიცარიულ „ციურიხთან“ იჯარა დაუსრულდა და თბილისურ კლუბს დაბრუნდა.
ასევე სრული დატვირთვით ემზადება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც მომჯობინდა და სათამაშოდ მზადა არის.