„დინამო“ „დილას“ დაუზავდა და ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩა [ფოტო] #1TVSPORT
„დინამო თბილისსა“ და გორის „დილას“ შორის „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ერთადერთი იყო ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, რომელშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში „დინამოდან“ თავის გამოჩენის შანსებით ზორან მარუშიჩმა, თორნიკე მორჩილაძემ, მილან რადინმა ვერ ისარგებლეს.
გორელები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ, მაგრამ ესპანელმა მეკარემ ანდრიეს პრიეტომ თბილისელები რამდენჯერმე გადაარჩინა – ამოს ნონდის და პაატა ღუდუშაურის დარტყმების შემდეგ. შანსით ვერც ირაკლი ბუღრიძემ ისარგებლა. რეალური შანსი გაანიავეს დინამოელებმა ზორან მარუშიჩმა, ბაქარ ქარდავამ და ანზორ მექვაბიშვილმა.
საბოლოოდ, ყველაზე უხვგოლიან ტურში ერთადერთი ეს მატჩი გამოდგა, რომელიც უგოლოდ დასრულდა 0:0. „დინამომ“, რომელსაც ბათუმის „დინამოსთან“ (50) სხვაობის შესამცირებლად მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, მხოლოდ ქულა მოიპოვა და 45 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ (39) „საბურთალოს“ ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ პირადი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილზეა.