„დინამო“ ბულგარელებთან დამარცხდა - გოლი „ლეგანესის“ ექს-თავდამსხმელისგან

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრების მეორე ამხანაგურ შეხვედრა გამართა და ისევ დამარცხდა. კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე კირჯალის „არდა“ გახლდათ, რომელიც ბულგარეთის პროფესიული ლიგის წარმომადგენელია და ჩემპიონატში 20 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 28 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილზეა.

მატჩი მთლიანად თბილისელების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სერიოზულ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა, რადგან ბულგარელები მთელი გუნდით იცავდნენ თავს და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ. ამ ტაქტიკამ მათთვის სავსებით გაამართლა და ჯერ 28-ე, შემდეგ 62-ე და ბოლოს 68-ე წუთებზე „არდამ“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა შეტევებში გართულ საქართველოს ჩემპიონს.

მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში თბილისელებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს – 87-ე წუთზე თავის გამოჩენა გასინჯვაზე მყოფმა თორნიკე ახვლედიანმა მოახერხა. ის ესპანურ კლუბ „ლეგანესის“ 19-წლამდელთა გუნდში 2018 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, შემდეგ მის დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს და პირველი შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ ასაკობრივ გუნდს გოლი გაუტანა. მაგრამ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო წამოსვლა მოუხდა. 89-ე წუთზე კი ბულგარელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „შევარდენიდან“ იჯარით დანრუნებულმა თამაზ ბაბუნაძემ გამოიყენა – 2:3. მეტის გასაკეთებლად დინამოელებს დრო აღარ ეყოთ და მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ კვასხვაძე, ქავთარაძე, კამარა, დაფე და მჭედლიძე – მათ თამაში მცირე ტრავმის გამო გამოტოვეს.