„დინამო ბათუმის“ ფრე გორის „დილასთან“ - ჩემპიონის ბოლო მატჩი უხვგოლიანი გამოდგა [ფოტო] #1TVSPORT
„დინამო ბათუმის“ ფრე გორის „დილასთან“ - ჩემპიონის ბოლო მატჩი უხვგოლიანი გამოდგა [ფოტო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 36-ე ტურის მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც „დინამო“ გორის „დილას“ მასპინძლობდა. მასპინძლებმა მატჩამდე ჩემპიონობა მოიპოვეს და 7-ათასამდე შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზეწამომდგარი მიესალმა გუნდს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებელის ისტორიაში ჩემპიონი პირველად გახდა.

ანგარიში 23-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდიმ გახსნა. გორელთა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ბურთი თავისიანს გადააწოდა, მაგრამ ნიგერიელმა ბათუმელთა ლეგიონერმა გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ წავიდა და შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით „დინამო“ დააწინაურა 1:0.

56-ე წუთზე გორელებმა წონასწორობა აღადგინეს. ირაკლი აზაროვმა საკუთარ საჯარიმოში პაატა ღუდუშაური წააქცია, პენალტი კი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვანდერსონ სილვამ დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. 67-ე წუთზე გოგა ჩაბრაძემ ეფექტური დარტყმით ბათუმელები კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მაგრამ 71-ე წუთზე გორელების თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ წონასწორობა მეორედ აღადგინა. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა, ბათუმის „დინამომ“ სეზონი 75 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა, „დილამ“ – 61 ქულით და მესამე ადგილით.

მატჩის დასრულების შემდეგ ბათუმი არენაზე მისულმა გულშემატკივარმა დაჯილდოვების ცერემონია იხილა – ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ბათუმის „დინამოს“ საჩემპიონო ფარი და ოქროს მედლები გადასცეს.

ზეიმი სახალხო მსვლელობით გაგრძელდა. 4 დეკემბერს კი ჩემპიონობის აღნიშვნა ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან გალა კონცერტით დასრულდება.

ბათუმის „დინამო“ 1923 წელს დაარსდა. არის საქართველოს თასის (1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998), არის ქვეყნის ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020) და ორჯერ ბრინჯაოს მედლების (1996-97, 2016) მფლობელი, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გუნდმა ოქროს მედლები პირველად წელს მოიპოვა.