„დინამო არენის“ ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ალბანეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ გადაიტანოს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩეხეთს, „დინამო არენის“ ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.
„დინამო არენის“ ადმინისტრაციის განცხადება
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს „დინამო არენის“ მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
„დინამო არენის“ ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება – იქიდან გამომდინარე, რომ „დინამო არენის“ ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ გულშემატკივარს დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენის“ ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა“, – წერია „დინამო არენის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
„შესაძლებლობას ვართ მოკლებული, რომ ყველა ტრიბუნა იქნეს გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი იარუსის გამოყენება მთლიანადაა აკრძალული, რაც თამაშის საორგანიზაციო კუთხითაც კი ხელს გვიშლის.
მეპატრონეები არიან პასუხისმგებლები, სტადიონი იყოს იმ კონდიციებში, რომ ამ რანგის მატჩის ჩასატარებლად ყველა ტრიბუნის გამოყენება შევძლოთ. ფიზიკურად გვესაჭიროება პირველი იარუსი, იქ, სადაც ადამიანები უნდა განთავსდნენ, უეფა-ს ოფიციალური პირები და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები, ასევე ყველა ის ადამიანი, რომლებიც თამაშის ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებლები.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაში ჩავატაროთ იმ ფორმით, რომელიც საქართველოს ნაკრებს წარმატებაში შეუწყობს ხელს და საორგანიზაციო კუთხითაც გამართულად ვიქნებით. თუ კონკრეტული პრობლემა არსებობს, „დინამო არენის“ ხელმძღვანელობას ვთხოვ, დროულად აღმოფხვრან – ჩვენი ინტერესია, რომ ნაკრების თამაშს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს.
მომდევნო შეხვერა ოქტომბერში ალბანეთთანაა დანიშნული და ლოკაციად „მიხეილ მესხია“ მითითებული. თუ პრობლემა დროულად იქნება აღმოფხვრილი და „დინამოს“ ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სტადიონის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი, მზად ვართ, ალბანურ მხარესთან სტადიონის შეცვლა შევათანხმოთ და „მიხეილ მესხიდან“ „დინამო არენაზე“ გადმოვიტანოთ“, – განაცხადა დავით მუჯირმა პირველ არხთან.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს, 20 საათზე დაუპირისპირდება. ერთა ლიგის მატჩებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.