ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა,”დინამო თბილისმა” ”დინამო არენაზე” ლიგაში დაწინაურებულ ”რუსთავს” უმასპინძლა.
უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, თუმცა, რეალური საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლეს.
რუსთაველები კი თავის შანსს ელოდნენ და მათმა ტაქტიკამ გაამართლა: 67-ე წუთზე, სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გიორგი გაბულოვმა თავური დარტყმით დააგვირგვინა 0:1.
”დინამომ” წონასწორობა 84-ე წუთზე პენალტით აღადგინა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ გამოიყენა 1:1.
ზუსტად ერთ წუთში, პენალტი უკვე რუსთაველმა ბექა მიქელთაძემ შეასრულა და საბოლოო ანგარიში რუსთაველთა სასარგებლოდ დააფიქსირა – 1:2.
პირველი ტური ”საბურთალო” – ბოლნისის ”სიონის” დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც ”მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება.