დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუსაბუთებელი არგუმენტები წარმოადგინა, არასწორია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ტყუილს და სპეკულაციას უწოდებს.
მისი თქმით, იუსტიციის არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუსაბუთებელი არგუმენტები წარმოადგინა, არასწორია.
გვრიტიშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ შეხვედრაზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად არგუმენტირებული დისკუსია გაიმართა.
„სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წარიმართა აბსოლუტურად საქმიან, მშვიდ ვითარებაში. გიორგი მშვენიერაძემ გარკვეულწილად დაძაბა სიტუაცია, როდესაც დემარშით დატოვა სამუშაო ჯგუფი, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ მართებულად მიანიშნა, რომ სანამ გახმოვანდებოდა, ეს გადაწყვეტილება მანამდე იყი მიღებული. მოვისმინე ნაზი ჯანეზაშვილის კომენტარი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ტყუილი და სპეკულაცია გაჟღერდა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაუსაბუთებელი პოზიციები წარმოადგინა. პირიქით, უცხოელ პარტნიორთა მონაწილეობით, არგუმენტურებული დიკუსია გაიმართა. მათი ზოგიერთი რეკომენდაცია, როგორც თვითონ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აშკარად განსხვავდებოდა მათსავე ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა და ჩვენც აღვნიშნეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და ამიტომ, კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით, არც ერთი სუბიექტის მხრიდან არ უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი იმაზე მეტი, ვიდრე ევროსაბჭოს სტანდარტებით არის დადგენილი“-განაცხადა გვრიტიშვილმა.
დიმიტრი გვრიტიშვილი სპეკულირებას უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომ მოსამართლეთა განწესების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებამ მოსამართლეები გააკვირვა.
„ვნახე კომენტარი, თითქოს მოსამართლეთა განწესებაზე ისეთი ახსნა შემოგვთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ჩვენ გაკვირვებული სახეებით ვიყურებოდით. პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებდა, რომ ტერმინი განწესება გახდა დეტალური და ხანგრძლივი მსჯელობის საგანი, რათა ჩაწერილიყო კონსტიტუციაში ზოგადი ხასიათის ტერმინები რომელიც წარდგენას ან ნომინირებას, ასევე მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს. ამიტომ აღნიშნული ტერმინით სპეკულირება სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან არის აბსოლუტურად დაუშვებელი“,-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ითვალისწინებს რეალურად არაფერს ცვლის. ჯანეზაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ ისე განმარტა განწესების ტერმინი, რომ მოსამართლე წევრები და მურუსიძეც კი, გაკვირვებულები იყვნენ.