დიმიტრი გვრიტიშვილი - კანდიდატები რეკომენდატორად უთითებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ და შეუძლიათ, გარკვეული ცნობები მიაწოდონ ამა თუ იმ უწყებას მის შესახებ
დიმიტრი გვრიტიშვილი - კანდიდატები რეკომენდატორად უთითებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ და შეუძლიათ, გარკვეული ცნობები მიაწოდონ ამა თუ იმ უწყებას მის შესახებ

კანდიდატები, როგორც წესი, რეკომენდატორად მიუთითებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ და შეუძლიათ, გარკვეული ცნობები მიაწოდონ ამა თუ იმ უწყებას მის შესახებ, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აპოლიტიკურ საქმიანობას იმ ფონზე, როდესაც მას უზენაესი სასამართლოს კანდიდატად რეგისტრაციის დროს განაცხადში სამ რეკომენდატორად მოქმედი პოლიტიკოსები ჰყავს მითითებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ შალვა თადუმაძე მუშაობდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეკომენდატორების დანიშნულება არის ის, რომ ზოგადად, ინფორმაცია მიაწოდონ კანდიდატის შესახებ. კანდიდატები, როგორც წესი, რეკომენდატორად მიუთითებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ და შეუძლიათ, გარკვეული ცნობები მიაწოდონ ამა თუ იმ უწყებას მის შესახებ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, გასაუბრების დროს აღნიშნულ კითხვას მის რეკომენდატორებთან დაკავშირებით მოსამართლე წევრებიც დასვამენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.