დიმიტრი ცქიტიშვილი - ძალიან არასერიოზული მგონია, რომ გიორგი გახარია წერილებს წერდეს და აგზავნიდეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ძალიან არასერიოზული მგონია, რომ გიორგი გახარია წერილებს წერდეს და აგზავნიდეს

ძალიან არასერიოზული მგონია იმის დაშვება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილებს წერდეს და აგზავნიდეს, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წერილის ასლის წარდგენას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ხაზარაძის მიერ გახარიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს.

„მას ვალდებულება აქვს, რომ ყველა მტკიცებულება ბოლომდე წარმოადგინოს და ყველა კითხვას უპასუხოს, რადგან უნდა ვიცოდეთ, ბუნებაში არსებობს თუ არა ასეთი წერილი და მუქარა. დღეს უკვე რასაც ვხედავ, ამაში ეჭვი მეპარება, მაგრამ მას ვალდებულება აქვს, რომ ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს და პასუხი გასცეს, იყო თუ არა მუქარა და ეს ხომ არ არის პოლიტიკური სპეკულაცია. ძალიან არასერიოზული მგონია იმის დაშვება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ასეთ წერილებს წერდეს და აგზავნიდეს. ეს ძალიან არასერიოზული მგონია. თუ ხაზარაძე ამბობს, რომ მუქარაა, ეს უნდა წარმოადგინოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოვიძიოთ, ხაზარაძის ნათქვამი მართალია თუ არა, სერიოზული არ არის. ეჭვი მეპარება, რომ მტკიცებულება წარმოადგინოს. ხაზარაძე ვერ ასაბუთებს, რომ ასეთი წერილი არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატი იმის საჭიროებას ვერ ხედავს, რომ გიორგი გახარია პარლამენტში წარდგეს.

„გახარიაც, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობს და სანამ არ დაუმტკიცდება, რომ მუქარას ახორციელებდა, მანამდე უდანაშაულოა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.