დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიზნესასოციაცია ცალ კარში თამაშით და განცხადებების კეთებით შორს ვერ წავა, სჯობს, შენიშვნები გამოაგზავნოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიზნესასოციაცია ცალ კარში თამაშით და განცხადებების კეთებით შორს ვერ წავა, სჯობს, შენიშვნები გამოაგზავნოს

ბიზნესასოციაციას შორიდან ლაპარაკს ვურჩევდი, კონკრეტული შენიშვნები გამოაგზავნოს, რადგან ტელევიზიით პოზიციონირება სწორი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ბიზნესასოციაციამ ფილოსოფიური შენიშვნების მიღმა კონკრეტული შენიშვნები უნდა წარადგინოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს ისე, როგორც პროცესში სხვა ბიზნესგაერთიანებები არიან ჩართულნი.

„იციან, რომ დისკუსიების გამართვის აქტიური გეგმა გვაქვს. მომავალ კვირას რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც მსჯელობა მოხდება. კანონპროექტი ჯერ ინიცირებული არ არის და ამაზე წინასწარ განგაშის ატეხვა სწორი არაა. საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ქვეყანაში შესაქმნელია ადამიანის შრომითი უფლებების სტანდარტები, მეორე მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებები არსებობს. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ პოზიციები დაახლოვდეს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმელების.

ცალ კარში თამაშით და განცხადებების კეთებით შორს ვერ წავლენ. შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით ქვეყანას ჩამორჩენა აქვს, რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი. შესაქმნელია სტანდარტები, დასაქმებულების უფლებები უნდა დავიცვათ. ბიზნეს ასოციაციას უფლება აქვს, შენიშვნები ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ პროცესის დესტრუქცია მოახდინოს, სწორი არ არის. ბიზნეს ასოციაციას ვთავაზობ, პროცესში ჩაერთოს, წინადადებები წარმოადგინოს მიუხედავად იმისა, რომ ამისგან ჯერ თავს იკავებენ. ბიზნესს ახალ რეგულაციაზე შეიძლება კითხვები ჰქონდეს, რასაც პასუხი უნდა გავცეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა: „დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. თუკი ბალანსი დაირღვა, შეიძლება მივიღოთ ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ზოგადად, ქვეყნის პრობლემატიკაში“.