„დილაში“ კამარას ტრანსფერზე მოლაპარაკება დაადასტურეს - ფეხბურთელით „დინამო“ დაინტერესდა #1TVSPORT
გორის „დილაში“ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ „დინამო თბილისმა“ ფლანგის შემტევი ნახევარმცველის, უსმანე კამარას ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ დასტურდება.
„საკითხი ღიადაა. არ დავმალავ, რომ „დინამო თბილისს“ ჩვენი მოთამაშის დამატება სურს, მაგრამ ფეხბურთელი კვლავ ჩვენია და მის ტრანსფერზე „დინამოსთან“ არ შევთანხმებულვართ“, – გვითხრა „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ.
„დინამოს“ ინტერესი შემთხვევითი არაა – უსმანე კამარამ ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდი როლი ითამაშა, გორის „დილას“ კონფერენს ლიგაზე გასვლაში. მან 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, გამოცემა „ლელომ“ კამარა წლის საუკეთესო ლეგიონერად აღიარა.
გორის „დილამ“ ფლანგის შემტევი უსმან კამარა ნორვეგიული „ვალერანგადან“ 2021 წლის იანვარში საიჯარო კონტრაქტით დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელს ოსლოს კლუბში დამკვიდრება იმიტომ გაუჭირდა, რომ საგაზაფხულო ეტაპზე ტერფის ტრავმის შემდეგ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
კამარა იყო გვინეის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, კარიერა შვედურ „ესკილსტუნაში“ 2018 წელს დაიწყო, საიდანაც ოსლოს გუნდში 2019 წლის აგვისტოში გადავიდა.
„უსმან კამარას „ვალერენგასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ გორის „დილამ“ იჯარის გაფორმების შემდეგ, მოთამაშის გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და ამჟამად მისი ტრანსფერი ჩვენ გვეკუთვნის. ამიტომ მოლაპარაკებები ჩვენთან მიდის და მალე გადაწყდება, უსმან კამარა „დილაში“ დარჩება თუ არა“, – გვითხრა ჯოხაძემ.