„დილას“ თავდამსხმელმა დიდი ინტერესი გამოიწვია - ტიერი გეილის ოთხ ევროპულ ქვეყანაში იწვევენ #1TVSPORT
„დილას“ თავდამსხმელმა დიდი ინტერესი გამოიწვია - ტიერი გეილის ოთხ ევროპულ ქვეყანაში იწვევენ #1TVSPORT

„დილას“ თავდამსხმელ ტიერი გეილის, რომელიც გუნდს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან პოლტავა „ვორსკლას“ გამოგდებაში დაეხმარა, ოთხ ევროპულ ქვეყნაში იწვევენ, – ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბაში ავრცელებს.

„უკრაინის პრემიერლიგის ახალწვეულმა, ჩერკასის ლნზ-მ, რომელიც განაგრძობს გაძლიერებას და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს, შესაძლოა, „დილადან“ პერსპექტიული მოთამაშე ტიერი გეილი დაიმატოს, მაგრამ უკრაინულ კლუბს მოუწევს გაუძლოს ავსტრიის, საბერძნეთისა და პოლონეთის ტოპკლუბების კონკურენციას“, – წერს იგორ ბურბაში.

ცოტა ხნის წინ პოლონურმა გამოცემა gol24.pl-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის „დილას“ ლეგიონერს პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ იწვევს და მზად არის, ქართულ გუნდს მის სანაცვლოდ მილიონი ევრო გადაუხადოს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილასა“ და „ვორსკლას“ შორის გეილიმ პოლტაველებთან ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო შემდეგ მესამე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდი მესამე ეტაპზე გაიყვანა.

21 წლის ბარბადოსელმა მიმდინარე სეზონში გორის „დილას“ ფორმით 23 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. გეილის კონტრაქტი „დილასთან“ ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გეილი ბარბადოსის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი „დილას“ ბარბადოსელი მოთამაშის ტრანსფერს 550 000 ევროდ აფასებს.